ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში მეცნიერების ფესტივალი ტარდება, რომელიც 16 სექტემბერს ზუგდიდში დაიწყო და 19 ოქტომბრამდე საქართველოს ყველა დიდ ქალაქს მოიცავს.
26-27 სექტემბერს სამეცნიერო ფესტივალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. 27 სექტემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 1 ოქტომბერს სამეცნიერო ფესტივალი ახალციხეში რაბათის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება, 3-4 ოქტომბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 18 -19 ოქტომბერს ფესტივალი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია სივრცეში გაიმართება.
საზოგადოებაში მეცნიერებისა და ინოვაციების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, ზუგდიდში გამართული ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა როგორც ეროვნული სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა, ასევე საქართველოს რეგიონებში, კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერა, ამასთანავე, მეცნიერების მიმართულებით ახალგაზრდების მოტივირება და ინტერდისციპლინური კვლევების წახალისება.
ქართველი და უცხოელი პროფესორების ჩართულობით, ფესტივალის ფარგლებში გაიმართა როგორც საჯარო ლექციები, ასევე დისკუსიები ინტერდისციპლინური კვლევების მიმართულებით (ფილოსოფია, პოლიტოლოგია, კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ბიოტექნოლოგიები, ეკონომიკა, სამართლის ფილოსოფია).
ღონისძიების საგამოფენო ნაწილი დაეთმო სახალისო, საგანმანათლებლო და კვლევით ექსპერიმენტებს. ასევე, კრიმინალისტიკის ლაბორატორიულ ცდებს, ფარმაცევტული პრეპარატების ტექნოლოგიის ექსპერიმენტებს, პირველადი სამედიცინო დახმარების მასტერ-კლასებს, ვეტერინარიის ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს. არქეოლოგიისა თუ ბიოტექნოლოგიების გამოფენებს.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; "ჰორიზონტი ევროპა" - ეროვნული ოფისი; სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი; სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია; სსიპ ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია; ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია); კრაკოვის პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტი (პოლონეთი); ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი).