08.09.2010
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების თაობაზე ბრიფინგი გამართა.
კოკა სეფერთელაძის განაცხადებით, იწყება სტუდენტების რეგისტრაცია, რომელთაც გაიარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები
და ეკუთვნით სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა.
სოციალური პროგრამის ფარგლებში, სასწავლო გრანტი გაიცემა 2010-2011 სასწავლო წელს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე
ან პროფესიული უმაღლესი განათლების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ, გარკვეული
კატეგორიის სტუდენტებზე, დაფინანსდება დაახლოებით 800-მდე სტუდენტი.
2010-2011 სასწავლო წელს საქართველოს
აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებისათვის
სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 1 073 000 ლარი.
ვინ შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში:
I. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს იმ სტუდენტმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების
შედეგად ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ვერ მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა, ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი
ოდენობა და განეკუთვნება ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:
- 180 სტუდენტი, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში
სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ,,ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე
(შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში,
ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ასევე სტუდენტები, რომლებიც
2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ
ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმეტი მიიღეს
ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, აქედან:
- აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში;
- ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები),
მათ შორის, ქურთას, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში;
- საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში.
- 45 სტუდენტი, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში
დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
- 6 სტუდენტი, რომლებიც არიან მკვეთრად
გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
II. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს სტუდენტმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში, მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა
ან სტუდენტმა, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ვერ მოიპოვა გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა, მაგრამ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამაზე: საინჟინრო; აგრარული; ზუსტი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; საინფორმაციო ტექნოლოგიები და განეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ კატეგორიას:
- 153 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი
წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში;
- 15 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი
წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- 15 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი
წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- 2 სტუდენტი, რომლებიც არიან კომუნისტური
რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლები;
- 20 სტუდენტი, რომლებიც არიან ობოლნი
(უდედმამო);
- 20 სტუდენტი, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
- 20 სტუდენტი, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული
არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო
ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.
თუ პროგრამით გათვალისწინებული თანხა სრულად არ
გაიცა დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით, იგი გადაეცემათ:
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ
დაკარგულთა შვილებს, რომლებიც ჩარიცხულები არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად
და ვერ მოიპოვეს სრული გრანტი ან
მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, 2009-2010, 2008-2009, 2007-2008 სასწავლო წლის სოციალური პროგრამის
დაფინანსების ფარგლებში;
- მნიშვნელოვნად გამოხატული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
სოციალური პროგრამის
ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტი წარადგენს განცხადებას,
რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2010 წლის
16 აგვისტოს №656 ბრძანებით.