საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნეს.
მთავრობის მეთაური და მინისტრი სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ და პედაგოგებს შეხვდნენ.
გივი მიქანაძემ პრემიერ-მინისტრს სკოლაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მან საუბრისას აღნიშნა, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი გრძელდება და უახლოეს პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ არაერთი ახალი სკოლა გაიხსნება.
“საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში გრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სკოლების მშენებლობა. ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ სკოლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო, სადაც ბავშვებისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად სამინისტრო, მისი თითოეული თანამშრომელი, მასწავლებლებთან და დირექტორებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს აქტიურ მუშაობას,” - განაცხადა მინისტრმა.
1 200 მოსწავლეზე გათვლილ ზესტაფონის N2 სკოლას აქვს როგორც შიდა სპორტული დარბაზი, ასევე გარე მოედანი, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები.
შენობაში დამონტაჟებულია ლიფტი, გათბობის, წყალმომარაგების, ხანძარსაწინააღმდეგო, კანალიზაციის, ვიდეო სათვალთვალო სისტემები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 9 162 850 ლარი შეადგინა.