ელექტროენერგეტიკის დარგში საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მოსამზადებლად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უნიკალური ცენტრი ჩამოყალიბდა. ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, პარლამენტის ვიცე სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ და საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა რევაზ არველაძემ მოინახულეს. ღონისძიების ფარგლებში ცენტრში გადამზადებულ 9 სტუდენტს სერტიფიკატები გადაეცათ
სასწავლო ცენტრი სს “თელასის” დაფინანსებით ფრანგული ფირმა Schneider Electric--ის მიერ აღიჭურვა, რომლის ანალოგი თავისი დანიშნულებით, აღჭურვილობითა და კომპლექსურობით ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში არ არის.
ცენტრის მიზანია, ენერგეტიკული პროფილის სპეციალისტების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. ცენტრის ბაზაზე შესაძლებელია 150-ზე მეტი ლაბორატორიული სამუშაოს ჩატარება.
ცენტრის კურსდამთავრებულები დაეუფლებიან, მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებულ, ოცდამეერთე საუკუნის წამყვანი ტექნოლოგიებით დამზდებული დანადგარების მართვას, ექსპლუატაციას და მათი განათლება გაუთანაბრდება დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიღებულ საინჟინრო-პროფესიულ განათლებას.
ცენტრის დაარსება მნიშვნელოვანია საქართველოში მაღალი ხარისხის საინჟინრო საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად, იგი ხელს შეუწყობს რეგიონის მასშტაბით, ქვეყნის როლის გაძლიერებას ენერგეტიკის დარგში განათლების მიმართულებით.
სასწავლო ცენტრს აქვს დიდი პოტენციალი გახდეს ამიერკავკასიის წამყვანი სასწავლებელი ვინაიდან, ახლო მომავალში ცენტრის ანალოგის შექმნა რეგიონში არ იგეგმება.
დღეისათვის სასწავლო ცენტრში ტრენინგის გავლის სურვილი გამოთქვა ენერგეტიკის სფეროში დასაქმებულმა მრავალმა სპეციალისტმა, როგორც სქართველოდან ასევე სასომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.