2010-2011 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სხვა სიახლეებთან ერთად, შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ფიზკულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებმა ჩაანაცვლა.
სპორტის გაკვეთილების უფრო ეფექტურად და ხარისხიანად დანერგვის მიზნით, საქართველის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და სპორტის ფედერაციების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ”გზამკვლევების კრებული სპორტის სახეობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის” (VII – XII კლასები), სადაც შეტანილია სპორტის 26 სახეობა (სათამაშო სახეობები, ორთაბრძოლის სახეობები, ინდივიდუალური სახეობები).
ახალი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია თბილისის
№142 საჯარო სკოლაში გაიმართა. გლდანის რაიონის 100-მდე სპორტის მასწავლებელს სახელმძღვანელოები
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა წარუდგინეს.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლა ირჩევს სპორტის სახეობების ჩამონათვალიდან მინიმუმ იმ 3 სახეობას, სადაც საშუალება ეძლევათ როგორც გოგონებს, ასევე ბიჭებს მიიღონ მონაწილეობა ერთად (გუნდურად) ან ცალ-ცალკე.
სასწავლო პროგრამაში მასალა გაწერილია კლასების მიხედვით და დაცულია სწავლების დიდაქტიკური პრინციპები, განსაკუთრებით თანდათანობისა და მისაწვდომობის პრინციპი.
ავტორთა მიერ პროგრამის შედგენისას გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ანატომიური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებები, რაც მწვრთნელ-მასწავლებლებს მისცემს საშუალებას ჩასწვდნენ მოცემული მასალის აქტუალობას და მიზანშეწონილად გამოიყენონ იგი სწავლების პროცესში.
თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე წელს სამინისტროს მიერ რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ დარბაზს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია დედაქალაქში და მის განახლებაზე 43000 ლარი დაიხარჯა. სკოლაში 1130 მოსწავლეა და მათი დიდი ნაწილი სპორტითაა გატაცებული. სკოლის ნაკრები გუნდები კალათბურთსა და ფრენბურთში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ჩემპიონატების მრვალგზის გამარჯვებულია.