საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინსა და განათლების პროფესიული სინდიკატის პრეზიდენტს ტატო შავშიშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელმა მინისტრს ის წინადადებები წარუდგინა, რომელთა განხორციელებას სინდიკატი სამინისტროსთან თანამშრომლობით გეგმავს.
ამჯერად, ტატო შავშიშვილი სკოლების ბრენდირებისა და დირექტორთა სერტიფიცირების თემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სინდიკატი მზად არის შექმნას საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლას გაუწევენ დახმარებას, რათა ის მოთხოვნები დააკმაყოფილონ, რომელთაც მათ სამინისტრო ვარსკვლავების მოპოვებისთვის უყენებს.
რაც შეეხება დირექტორთა სერტიფიცირებას, სამინისტროს მიერ დირექტორის სტანდარტის შემუშავების შემდეგ, განათლების პროფესიული სინდიკატი დირექტორობის მსურველებს უფასო ტრენინგების გავლას შესთავაზებს და ყველა იმ აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვის, რაც წარმატების მიღწევისთვის აუცილებელია.
დიმიტრი შაშკინმა დადებითად შეაფასა განათლების პროფესიული სინდიკატის ინიციატივა და მნიშვნელოვანი უწოდა საზოგადოებრივი გაერთიანებების აქტიურ ჩართულობას განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში.