”მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესის” თანახმად, დამწყებ მასწავლებლებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება შესაბამისი კვალიფიკაციით, შეუძლიათ, რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს და ჩაერთონ მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქში ხორციელდება. რეგისტრირებული მაძიებლები შეირჩევიან სკოლის შესარჩევი კომისიების მიერ. მაძიებლობის 1-წლიანი პერიოდის გავლის შემდეგ, მათ უფლება აქვთ გაიარონ სასერტიფიკაციო გამოცდა და მოიპოვონ მასწავლებლობის უფლება.
2010-2011 სასწავლო წელს მაძიებლობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება ქ. თბილისის, ქ. გორის, ქ. თელავის, ქ. ახალციხის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმისა და ქ. ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლებში, შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენები - ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული.
საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში მაძიებელთა რეგისტრაცია 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.