2010 წლის აპრილში იაპონელი და ქართველი ფიზიკოსების თანამშრომლობის მიზნით, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაციას (”კეკ”-ი) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთგაგების ჩარჩო-მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინსა და საქართველოში იაპონიის ელჩს მასაიოში კამოჰარას შორის შეხვედრა გაიმართა.
მინისტრსა და ელჩს შორის სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა: ქართველი მეცნიერების, ინჟინრებისა და სტუდენტების კეკ-ის მიმდინარე და სამომავლო კვლევებში ხანგრძლივი ვადით მონაწილეობისათვის ხელშეწყობა. სწორედ ამგვარ თანამშრომლობას ითვალისწინებს სამინისტროსა და კვლევით ორგანიზაციას შორის დადებული შეთანხმება, რომლის მიზანია თეორიული და გამოყენებითი ფიზიკისა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ დარგებში სამეცნიერო-აკადემიური და ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება.
შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ მოხდება ორ ქვეყანას შორის აკადემიური პერსონალის, მეცნიერ-თანამშრომლებისა და სტუდენტების გაცვლა; ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება; ლექციების ჩატარება და სიმპოზიუმების მოწყობა.
ბირთვული და ელემენტარული ფიზიკის სფეროში კვლევებით დაინტერესებულები არიან საქართველოს შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი.