საპილოტე სკოლების პირველკლასელებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სასწავლო გეგმებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ჯოხაძემ 53-ე სკოლის პირველკლასელებს თავად გადასცეს.
სახელმძღვანელოს კონცეფცია სპეციალურად პირველკლასელი მოსწავლეებისთვის ექსპერტებისა და ფსიქოლოგების მუშაობის შედეგად შეიქმნა. მასში გათვალისწინებულია მოსწავლის ასაკი, მსოფლმხედველობა და უნარ-ჩვევები. სახელმძღვანელო მოსწავლეებისთვის სახალისოა და იოლად ასათვისებელი.
,,ინგლისური ენის სწავლებას თანამედროვე მსოფლიოს პირობებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამ საერთაშორისო ენის ცოდნა ახალგაზრდას ბევრ შესაძლებლობას უხსნის. როგორც ცნობილია, მოზარდი უცხო ენას ადრეული ასაკიდან უფრო იოლად ეუფლება. საპილოტე სკოლებში, იქ სადაც პირველკლასელებს ,,ნეთბუქები’’ დაურიგდათ, ინგლისური ენის შესწავლაც პირველი კლასიდან დაინერგა. მნიშვნელოვანია რომ სწავლების პროცესი მაღალ პროფესიონალურ დონეზე შექმნილი სახელმძღვანელოებით წარიმართება’’ - აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
დიმიტრი შაშკინი ასევე შეხვდა ამერიკიდან ჩამოსულ ინგლისური ენის პედაგოგს დენიელა ბლეიქს, რომელიც მოსწავლეებს ინგლისური ენის დაუფლებაში ეხმარება.
მომავალი სასწავლო წლიდან ინგლისური ენის შესწავლა პირველიკლასიდან ყველა საჯარო სკოლაში დაიწყება.