01.10.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს კულტურისა და კომუნიკაციის განყოფილების უფროსმა, ელჩმა ვერნერ ვნენდტმა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 2009 წლიდან მოქმედებს ტვინინგის პროექტი - ,,საქართველოში ბოლოონიის პროცესის ამოცანების განსახორციელებლად შესაძლებლობების გაძლიერება’’, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ჩართვას უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში. პროექტის გერმანელი პარტნიორები არიან გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო, პედაგოგიური სწავლების საერთაშორისო ცენტრი და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური.
ტვინინგის პროექტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის აქტიურად მოქმედებს გაცვლითი პროგრამები. ოთხმოცდათოთხმეტი ქართველი ახალგაზრდა მეცნიერი და უმაღლესი სასწავლებლების დოცენტები 2010-2011 სასწავლო წელს გერმანიაში გაემგზავრნენ, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში ისწავლიან.
,,განათლების სფეროში გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია. გერმანიის სახელმწიფო დებს ინვესტიციებს განათლების სფეროში, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის სრულფასოვანი წევრია.’’-აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
გერმანიასთან თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია თბილისში გერმანიის საერთაშორისო სკოლის გახსნაც, რომლის ატესტატს საერთაშორისო აღიარება ექნება.