მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და განათლების პროფესიული სინდიკატის პრეზიდენტი ტატო შავშიშვილი თბილისის 21-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდებზე გასული ყველაზე მაღალქულიანი მასწავლებელი ნინო ქევხიშვილი დააჯილდოვეს.
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგი ნინო ქევხიშვილი სერტიფიცირებულ პედაგოგთა შორის ერთ-ერთია, რომელმაც პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე მაღალი შედეგი აჩვენა. მან პროფესიულ უნარებში 56, საგნობრივში 116, მთლიანობაში 172 ქულა დააგროვა.
დიმიტრი შაშკინმა საქართველოს ყველა პედაგოგს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პედაგოგთა სერტიფიცირების მთავარი ამოცანა კვალიფიკაციის ამაღლებაა და მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელთა უმეტესობა ამ ინიციატივას გამოეხმაურა.
პედაგოგები, რომლებმაც მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ცოდნის მაღალი დონე აჩვენეს, ახალი სასწავლო წლიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. გარდა ამისა, ისინი მენტორ მასწავლებლებად იმუშავებენ და შესაძლებლობა მიეცემათ სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამებში ჩაერთონ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 21-ე საჯარო სკოლის გარდა, უკვე დააჯილდოვა თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების ის მასწავლებლები, რომლებმაც სასერტიფიკატო გამოცდები ასევე წარმატებით გაიარეს.