2010 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები ერთობლივ პროგრამას - "ისწავლე საქართველოში" ახორციელებენ.
პროგრამა შემუშავებულია თურქეთში მცხოვრები ახლგაზრდობისთვის.
პროგრამის ფარგლებში, პირველ სასწავლო წელს 20 ახალგაზრდა გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში.
ამ პროგრამით ჩარიცხული ყველა სტუდენტის სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით. სწავლის პერიოდში სტუდენტებს სტიპენდია დაენიშნებათ. სწავლება ქართულ ენაზე იწარმოებს.
პროგრამით გათვალისწინებულია პირველ წელს ქართული ენის შესწავლა.
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულ იმ 20 ახალგაზრდას შეხვდნენ, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ პროგრამაში „ისწავლე საქართველოში“.
ეს ახალგაზრდები მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხება.