საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ 27 მანდატურს სერტიფიკატი გადასცა.
მანდატურთა ეს ნაკადი, რომლებმაც შსს-ს აკადემიაში გადამზადება წარმატებით გაიარეს, საქმიანობას თბილისის საჯარო სკოლებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში შეუდგება.
მანდატურებს სპეციალური ფორმა, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები ექნებათ და სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს ვიდეო-კამერებით გააკონტროლებენ. უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.
მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ. მანდატური ვალდებულია კონფლიქტური სიტუაცია შეაფასოს და ცალკეულ შემთხვევაში, დირექტორს რეაგირება მოსთხოვოს. სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს მშობელი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.