საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. დღეს, მინისტრი ესტონეთის საინფორმაციო-ტექნოლოგიების დემოცენტრში იმყოფებოდა, რომელშიც შედის 30-მდე IT კომპანია, მათ შორის: Microsoft, Hp, Microline და სხვა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში გაიხსნება სპეციალური კურსები კიბერნეტიკული უსაფრთხოების კუთხით, რაშიც ესტონეთის მხარე საქართველოს დიდ მხარდაჭერას გაუწევს.
”ესტონეთმა IT ტექნოლოგიებში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოში CYBER უსაფრთხოების კუთხით სპეციალური კურსების გახსნის შესახებ. იმის გამო, რომ ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ზეწოლას და მუდმივად არის იერიშები რუსეთის ფედერაციიდან ჩვენს ინტერნეტ რესურსებზე, ძალიან მნიშვნელოვნია რომ საქართველოში ესტონელი კოლეგების დახმარებით მომზადდებიან ჩვენი სპეციალისტები იმისთვის, რომ ჩვენი ინტერნეტ ვებ-გვერდების უსაფრთხოება უზრუნველყონ” - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
დემოცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარმოუდგინა 2000 წლიდან დღემდე განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები საინფორმაციო ბაზების ელექტრონულ რეჟიმში გადაყვანის გზით, როგორც სამოქალაქო ისე განათლების სისტემაში.
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არის ერთადერთი საბუთი, რომელიც პიროვნებაზე ყველა სახის ინფორმაციას, სამედიცინო ჩანაწერებს, საბანკო მონაცემებსა და პარკირებისთვის არსებულ ბალანსსაც კი მოიცავს.
ასევე წარმოადგინეს სასკოლო ელექტრონული დღიურები და ჟურნალები, სადაც, როგორც მოსწავლეს, ისე მშობელს შეუძლია ყველანაირი ინფორმაციის ნახვა ინტერნეტის საშუალებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე შექმნა როგორც სკოლების, ასევე მოსწავლეების ელექტრონული ბაზები და უახლოეს მომავალში ელექტრონული ჟურნალების შემოღებასაც გეგმავს. ამიტომ ესტონეთში მიღებული გამოცდილება სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა შეხვედრა გამართა ასევე ტალინის უნივერსტიტეტში. შეხვედრაზე დაიგეგმა ურთიერთობის გაღრმავება განათლების კუთხით და შემდგომი თანამშრომლობა.
ესტონეთი საინფორმაციო-ტექნოლოგიების კუთხით ევროკავშირში წამყვანი ქვეყანაა.