საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და სემინარების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
რიგით მერვე რეგიონალური აკადემიური სამიტი თემაზე “პროფესიული განათლება და დასაქმება” ჩატარდა ა.წ. 13 ოქტომბერს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. აკადემიური სამიტი გახსნა ზუგდიდის უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ. პრეზენტაციები გააკეთეს უტა ბაიერმა, გერმანული ბიზნესის ასოციაციიდან, რეიმსის უნივერსტეტის სამაგისტრო პროგრამის “ევროპული და საერთაშორისო სწავლებანი” დირექტორმა და საკანონმდებლო აქტების კომისიის პრეზიდენტმა პროფესორმა ტიერი კომმა (ტვინიგის ექსპერტი) და შპეიერის ინსტიტუტის (Hochschule für Verwaltungswissenschaften (DHV) Speyer) მოწვეულმა ექსპერტმა პროფესორმა ანდრეას კნოამ. სამიტის შემდეგ 13-15 ოქტომბერს იგივე თემაზე გაიმართება სემინარი, რომელსაც ჩაატარებს პროფესორი ტიერი კომი და პროფესორი ანდრეას კნოა;
ექსპერტები მონაწილეებს გააცნობენ ფრანგულ და გერმანულ გამოცდილებას აღნიშნულ თემატიკაზე. სემინარზე დასასწრებად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 30-ზე მეტი წარმომადგენელია დარეგისტრირებული.
ტვინინგის პროექტი ფინანსდება ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში (ENPI) და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გერმანელ და ფრანგ პარტნიორებთან თანამშრომლობით.
ტვინინგის პროექტის მიზანია ბოლონიის პროცესის რეფორმების ეფექტური განხორციელება შესაბამის ინსტიტუციებში და საქართველოს ჩართვა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA).