პირველად საქართველოსა და სომხეთის ისტორიაში ერევანში ქართველოლოგიის კათედრა გაიხსნა.
ქართველოლოგიის კათედრა სომხეთში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არმენ აშოტიანმა გახსნეს. კათედრის გახნას ასევე ესწრებოდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელმაც კათედრას ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა.
ქართველოლოგიის კათედრა სომხეთის ბრუსოვის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა, კათედრა მჭიდროდ ითანამშრომლებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, განხორციელდება ლექტორებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, მოეწყობა სემინარები, მრგვალი მაგიდები და ა.შ.
,,დღეს უმნიშვნელოვანესი ფაქტის მომსწრეები გავხდით, დღეს სომხეთში ქართველოლოგიის კათედრა გაიხსნა, რაც ხელს შეუწყობს ამ ორი მოძმე ერის კიდევ უფრო დაახლოებას. ’’-აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ასევე პირისპირ შეხვდა სომეხ კოლეგას არმენ აშოტიანს. შეხვედრაზე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ზოგადი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება.