სასტუმრო D-პლაზაში გამართულ მიღებაზე ნოდარ სურგულაძემ და პროგრამის კოორდინატორებმა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრეს.
პედაგოგთა ჯგუფი თბილისისა და ახალციხის სკოლებში გადანაწილდებიან. ნოდარ სურგულაძემ მადლობა გადაუხადა პედაგოგებს ჩამობრძანებისა და პროგრამის მხარდაჭერისთვის.
პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათეულ სკოლაში ამოქმედდა და უკვე შეიძლება გარკვეული შეფასებების გაკეთება მის მიმდინარეობაზე.
მოსწავლეები და ქართველი პედაგოგები დადებითად აფასებენ სწავლების პროცესში ინგლისურენოვანი პედაგოგების მონაწილეობას. მოზარდები დიდ ინტერესს იჩენენ უცხოელი პედაგოგების მიერ ჩატარებული გაკვეთილების მიმართ. ისინი არამარტო ინგლისურ ენას ეუფლებიან, არამედ ეცნობიან დასავლურ ღირებულებებს, კულტურასა და ტრადიციებს. ქართულ კულტურას და ტრადიციებს ეცნობიან ჩვენი უცხოელი სტუმრებიც და როგორც თავად აღნიშნავენ, არ უჭირთ ქართულ გარემოში ადაპტირება. ბევრი მათგანი სერიოზულად დაინტერესდა ქართული ენის შესწავლით.
მიმდინარე წლის ბოლომდე პროგრამა რამდენიმე ასეულ სკოლას მოიცავს და სამომავლოდ, ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედდება.