თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსებიდან 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასწავლო დაწესებულებას ეწვია და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორებისათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. საიუბილეო მედლები გადაეცათ უნივერსიტეტის უცხოელ სტუმრებს, წარმოდგენილი იქნა კინოქრონიკა „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – ტრადიციებით მომავლისკენ“.
მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორიისადმი მიძღვნილ ფოტო და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ნახატების გამოფენას. ღონისძიებაში ჩართული იყო ყველა სტრუქტურა, ყველა თაობის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
1918 წელს ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით ქართული უნივერსიტეტი დაარსდა. პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი იყო. ამავე წელს უნივერსიტეტში სამკურნალო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი გაიხსნა. 1930 წლიდან უმაღლესი სასწავლებელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის, ხოლო 1992 წლიდან უნივერსიტეტის სახელით ფუნქციონირებს. ამჟამად აქ ხუთი ფაკულტეტია: მედიცინის, სტომატოლოგიური, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის. სამედიცინო უნივერსიტეტში მოქმედებს ოთხი უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ზოგადი პროფილის მედდის, ბებიაქალის, ფარმაცევტის თანაშემწის, სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორის.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) წევრია. უნივერსიტეტში 371 სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი მუშაობს. მათთან ერთად აკადემიურ პროცესში 350 მოწვეული მასწავლებელია ჩართული.