კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოვიდა. მისი თქმით, უდიდესია აკაკი წერეთლის, როგორც პოეტისა და მწერლის, ასევე საზოგადო მოღვაწის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. სწორედ ამიტომ, შთამომავლობამ კიდევ ერთხელ უნდა გააცნობიეროს მისი როლი, რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მთელი საქართველოს მასშტაბით აკაკის კვირეული ტარდება.
აკაკის კვირეული უნივერსიტეტში პლენარული სხდომით დაიწყო და მთელი დღის მანძილზე გაგრძელდა. მასში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა, დოქტორანტებმა და სტუდენტებმა, რომლებმაც აკაკი წერეთლის შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს თემებზე: ,,აკაკი წერეთლის ღვაწლი’’, ,,აკაკი წერეთელი და თანამედროვეობა’’, ,,აკაკი წერეთლის პოლიტიკური მსოფლმხედველობა’’ და ა.შ.
აკაკის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული საქართველოს საჯარო სკოლებშიც ტარდება, კვირეულის ფარგლებში სკოლები დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის გაიმართება თხზულებების კონკურსი თემაზე: ,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი’’.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ VIII-XII კლასის მოსწავლეები. გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში სოფელ სხვიტორში გაიმართება.