საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატვით 26 ოქტომბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამის ,,აინშტაინის’’ განხორციელება იწყება. პროგრამა ,,აინშტაინი’’ საბუნებისმეტყველო საგნებში სასკოლო ლაბორატორიების მოწყობას ითვალისწინებს.
საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მოწყობა მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერებას.
,,საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერების მიზნით აუცილებელია შესაბამისი ინფრასტუქტურის დანერგვა. სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების გაძლიერება და პოპულარიზაცია წარმოადგენს. სწავლების პროცესი საინტერესო და სახალისო უნდა იყოს, სწორედ ამიტომ სამინისტროს ინიციატივით ამოქმედდა პროგრამა ,,აინშტაინი’’ - განაცხადა პროგრამის პრეზენტაციისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.
პროგრამის დადებით მხარეებზე ასევე ისაუბრეს 24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ და ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ალუდა გოგლიჩიძემ.
პროგრამა ,,აინშტაინის’’ მიხედვით ყველა საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის კაბინეტებში სასწავლო ლაბორატორიები ეტაპობრივად მოეწყობა.