სკოლის მანდატურებმა საქველმოქმედო აქციები დაიწყეს. 40 მანდატური გლდანის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრა და საჩუქრად წიგნები, ტკბილეული და სათამაშოები გადასცა.
გლდანის ბავშვთა სახლში, სადაც 163 მზრუნველობამოკლებული ბავშვი ცხოვრობს, მანდატურებმა ერთი დღე მათთან ერთად გაატარეს და დანაშაულის პრევენციაზე, ცხოვრების ჯანსაღ წესზე და ზოგადად, განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
სკოლის მანდატურების თქმით, ასეთ აქციებში მათი მონაწილეობა ძალიან ნიშვნელოვანია, რადგან მათი სურვილია, ბავშვების სწორად აღზრდაში გარკვეული წვლილი თავადაც შეიტანონ.
მანდატურის სამსახური საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გაარძელებს. ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე. საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციაში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას სკოლის მანდატურის არსი თავად განუმარტონ.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის საჯარო სკოლებში შევიდნენ. წლის ბოლომდე მანდატურის ინსტიტუტი გორისა და რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედდება. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.