ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და სტრატეგიული გეგმის ნაწილია. ტექნიკური დარგების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, 2010-2011 სასწავლო წლისთვის ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლა ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიებით აღიჭურვება. ლაბორატორიები 3 სრული კომპლექტისაგან შედგება და თითოეულში გაერთიანებულია კონკრეტული საგნის (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა) სასწავლო თემატიკის შესაბამისად შედგენილი 18 ქვეკომპლექტი.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას მოემსახურება. მომავალში თითოეულმა მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულად მუშაობა, კვლევის ჩატარება, მისი შედეგის აღრიცხვა და გაანალიზება, სათანადო დასკვნის გამოტანა.
2010-2011 სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელსა და მოსწავლეს საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლისას და სწავლებისას ექნება საშუალება ასევე ისარგებლონ ვირტუალური ლაბორატორიებით.