პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლას საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო ლაბორატორია გადასცა.
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნები გაძლიერებულად ისწავლება. სკოლის მოსწავლეები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას სასკოლო და საერთაშორისო ოლიმპიადებში, სადაც საპრიზო ადგილებზე გადიან.
,, სკოლის პროფილიდან გამომდინარე, 42-ე საჯარო სკოლისთვის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების გადაცემა ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოსწავლეებისთვის აღნიშნული დისციპლინების სწავლების პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახდება’’- აღნიშნა კოკა სეფერთელაძემ და მოსწავლეებთან ერთად ცდები ჩაატარა.
სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლებისა და ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, საჯარო სკოლებში პროგრამის განხორციელება 26 ოქტომბრიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ტექნიკური დარგების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, 2010-2011 სასწავლო წლისთვის ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლა ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიებით აღიჭურვება.
ლაბორატორიები სამი სრული კომპლექტისაგან შედგება და თითოეულში გაერთიანებულია კონკრეტული საგნის (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა) სასწავლო თემატიკის შესაბამისად შედგენილი 18 ქვეკომპლექტი.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას მოემსახურება. მომავალში თითოეულმა მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულად მუშაობა, კვლევის ჩატარება, მისი შედეგის აღრიცხვა და გაანალიზება, სათანადო დასკვნის გამოტანა.
2010-2011 სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელსა და მოსწავლეს საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლისას და სწავლებისას ექნება საშუალება ასევე ისარგებლონ ვირტუალური ლაბორატორიებით.