სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარე აქციაში - „ დარგე ხე, გაამწვანე თბილისი“ ამჯერად, პროგრამის -”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული უცხოელი პედაგოგებიც ჩაერთნენ.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელშეწყობით ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა 100-მდე ინგლისურენოვანმა მასწავლებელმა მიიღო. მათ იფანისა და ნეკერჩხლის 400 ძირი ხე თბილისის ზღვის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს. უცხოელებთან ერთად აქციაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც მონაწილეობდა.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიმდინარე აქციის მონაწილეთა განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია ანალოგიური ღონისძიებების მხარდაჭერა, რადგან ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება, განახლება და დაცვა ყველა წამყვან ქვეყანაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სტუმრებმა კმაყოფილება გამოთქვეს შესაძლებლობისთვის თავადაც ჩართულიყვნენ ამ აქციაში და თავიანთი წვლილი შეეტანათ გარემოს გამწვანებაში.