პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა მე-8 ნაკადი ჩამოვიდა. ისინი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გადანაწილდებიან და ადგილობრივ მოსწავლეებს ინგლისური ენის უკეთ შესწავლაში დაეხმარებიან.
პროგრამის ფარგლებში ინგლისურენოვანი მასწავლებლები უკვე ასწავლიან აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, რუსთავისა და თბილისის საჯარო სკოლებში.
ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლის ივლისიდან ახორციელებს პროექტს ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’, პროექტი წლის ბოლომდე საქართველოში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს. მომდევნო წლებში მოხალისე მასწავლებლების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
მათ უკვე შეძლეს საზოგადოებაში ინტეგრირება, ისინი ადგილობრივ მოხალისე ოჯახებში უფასოდ ცხოვრობენ. პროექტის დასრულების შემდეგ კი ინგლისურენოვანი მასწავლებლები მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს კეთილი ნების ელჩები გახდებიან.