საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა წელს კურსდამთავრებულთა მეთხუთმეტე ნაკადი გამოუშვა. წელს მაგისტრის დიპლომი 146 კურსდამთავრებულს შვიდ სხვადასხვა სპეციალობაში გადაეცა, ესენია: სახელმწიფო მმართველობა, საჯარო პოლიტიკა, თვითმმართველობა და ადგილობრივი მმართველობა, მედია და კომუნიკაციის მენეჯმენტი, ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი, საერთაშორისო პოლიტიკა და საერთაშორისო სამართალი.
კურდამთვარებულთა საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ბატონი ჯონ ბასი, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის GIPA-ს კურსდამთავრებულებიც იყვნენ.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 1994 წელს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობების სპეციალური შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ინსტიტუტის საქმიანობის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებას ახალგაზრდა თაობის აღზრდის გზით.