ბროშურა ”ინკლუზიური განათლება - განსაკუთრებული ბავშვების განსაკუთრებული ავტოპორტრეტები" 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩანაწერების, ლექსებისა და პატარა მოთხრობების მცირე კრებულია, რომლის პრეზენტაციასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. ბროშურა მოამზადა და გამოსცა სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა ბრიტანეთის საბჭოსთან (British Council) თანამშრომლობით.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა შემოქმედებითი კრებული პირველად გამოვიდა საქართველოში, დიმიტრი შაშკინმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უწოდა ამ ფაქტს და აღნიშნა, რომ ახლოწარსულში ტაბუდადებული - „აუტისტური სპექტრის მქონე” მოსწავლეთა შემოქმედების გაცნობა საზოგადოებას დაეხმარება ჩაწვდნენ ამ ბავშვების შინაგან სამყაროს, გაიგონ რა აწუხებთ, რას განიცდიან, რა ინტერესები და შესაძლებლობები გააჩნიათ მათ.
ღონისძიების მესიჯი იყო: „დაინახე ზღაპარი, რომელიც ჩემშია და რომელსაც ვატარებ!“, ბავშვებმა თავისი სათქმელი წერით გადმოსცეს, ვინაიდან მათ მეტყველებისა და სოციალური კომუნკაციის პრობლემები აქვთ.
ქ. თბილისის 198 საჯარო სკოლაში 150 მოსწავლე სწავლობს, მათგან მხოლოდ 10%-ია სოციალურად დაუცველი, დანარჩენი 90% კი, სპეციალური საჭიროების მქონეა, უმრავლესობას მეტყველების, მოტორიკის, ემოციური, თუ სოციალური კომუნიკაციის პრობლემები ან ფუნქციათა შეზღუდვების მთელი კომპლექსი აწუხებთ, უჭირთ ფიზიკური თუ ფსიქიკური სტაბილობის დაცვა, ურთიერთობა უფროსებთან თუ თანატოლებთან. აქედან გამომდინარე, სკოლის მულტიდისციპლინარულ გუნდს შემუშავებული აქვს თითოეულ მოსწავლეზე მორგებული განვითარების ინდივიდუალური სწავლების გეგმა. სისტემატიურად ტარდება მონიტორინგი გეგმის შესრულებისა და შედეგების შესაფასებლად.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებზე ზრუნვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობას იგი მომავალშიც გააგრძელებს.