25.11.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა წარუდგინა. დოკუმენტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა მიერ შემუშავდა. სამას პედაგოგს ახლადშექმნილი დოკუმენტის მნიშვნელობაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილიც ესაუბრა.
სქემის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას, მის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას, რაც დადებითად აისახება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხზე.
მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემის მთავრი არსია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოტივირება და წახალისება. მას შემდეგ რაც, პედაგოგი გაივლის სერტიფიცირებას, მას საშუალება ეძლევა გაიაროს კარიერული ზრდის რამდენიმე საფეხური.
პროფესიული და კარიერული ზრდის საფეხურების გავლისათვის მასწავლებელმა 7 წლის განმავლობაში უნდა გაიაროს მინიმუმ 7 სხვადასხვა აქტივობა. მაგალითად: ტრენინგ-პროგრამებში მონაწილეობა, სასკოლო ან მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს ავტორობა, საგანმანათლებლო პროექტებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა, მოსწავლეთა გამარჯვება საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებში, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა და სხვა.