საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საატესტატო გამოცდის ახალი მოდელი ამჯერად, ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლების 200-მდე მეთორმეტეკლასელს გააცნეს და საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხეს.
2010-2011 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით მიწოდებულმა ინფორმაციამ მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია და როგორც მათ აღნიშნეს, წარმოდგენილი ელექტრონული საგამოცდო ტესტის ნიმუში მათთვის ადვილად გასაგები და დასაძლევი აღმოჩნდა.
მინისტრმა მოსწავლეებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა აბიტურის საათის მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ ვინაიდან, კომპიუტერის მეშვეობით საატესტატო გამოცდები წელს პირველად ჩატარდება, იგი გაცილებით მარტივი იქნება ვიდრე მომდევნო წლებში. თუ მოსწავლეები მაქსიმალურად გამოიყენებენ დარჩენილ პერიოდს გამოცდებისთვის მოსამზადებლად, ადვილად გადალახავენ კონკრეტული საგნისათვის დადგენილ კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს. შედეგი შესაძლებლობების სკალის კონკრეტული ნიშნულით გამოისახება და არა ნიშნით. კომპიუტერული პროგრამის შეფასება არ აისახება მოსწავლის წლიურ ნიშანზე, იგი უცვლელი დარჩება.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციული შეხვედრები მეთორმეტეკლასელებთან მომავალშიც გაიმართება, მოსწავლეები ნებისმიერ კითხვაზე მიიღებენ ამომწურავ პასუხებს, რაც მათ გამოცდებისთვის მზადების პროცესში დაეხმარებათ.