საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მთავარი თემა იყო დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მათი მომზადება სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები და განათლების ექსპერტები.
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სწავლების ამ ეტაპზე საფუძველი ეყრება მოსწავლეებში ისეთი ძირითადი უნარების ჩამოყალიბებას, როგორიცაა წიგნიერება, ეკოლოგიური ცნობიერება, ელემენტარული მათემატიკური უნარები და ა.შ.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ”მასწავლებლის მეთოდური გზამკვლევის” პრეზენტაცია, რომელშიც თავმოყრილია ქართულის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების თანამედროვე მეთოდები.
მოეწყო ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო ფილმის ”კითხვის ეფექტური მეთოდების” ჩვენებაც. ფილმის მიზანია, ხელი შეუწყოს წიგნიერებაზე ორიენტირებული საკლასო გარემოსა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას. მასალა მოიცავს კითხვის სწავლების მრავალგზის აპრობირებულ მეთოდებს. სასწავლო ფილმს თან ახლავს გზამკვლევიც, რომელშიც მოცემულია რეკომენდაციები წარმოდგენილი მეთოდების სასწავლო პრაქტიკაში ეფექტურად დანერგვისთვის.
კონფერენციის მონაწილე მასწავლებლები გაეცნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ახალ სტანდარტსაც, რომელშიც მოქმედ მასწავლებლებთან და განათლების ექსპერტებთან თანამშრომლობით, შევიდა გარკვეული სახის ცვლილებები, დაკონკრეტდა საკითხები.