საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ახალ ფაზაში შედის. შესაბამისად, მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ ერთობლივი სამეცნიერო პროექტების შემუშავების საკითხებში.
ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწე ბირთვულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ თავდაცვით პროგრამებში ანდრიუ ვებერი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში არსებული უნიკალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის (CRL) ეფექტურად გამოყენების საკითხები.
ცენტრალური ლაბორატორია ერთადერთია ამიერკავკასიაში და იგი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ლაბორატორია ინფექციური დაავადებების აღმოჩენას, ეპიდემოლოგიურ დაკვირვებასა და სხვადასხვა მიმართულებით კვლევევბის ჩატარებას უზრუნველყოფს. მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი ცენტრალური ლაბორატორიისათვის (CRL) საგანმანათლებლო ფუნქციის მინიჭება იყო. ლაბორატორია მომავალში მჭიდროდ ითანამშრომლებს უნივერსიტეტებთან, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან გაიარონ პრაქტიკული მეცადინოებები.
ანდრიუ ვებერი დაინტერესდა იმ პროგრამებითაც, რომელსაც სამინისტრო მეცნიერთა ხელშეწყობისა და სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით ახორციელებს. მან განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა მზად არის მომავალშიც ითანამშრომლოს ჩვენს ქვეყანასთან, რათა დახმარება აღმოუჩინოს მას საგანმანათლებლო რეფორმის განხორციელების პროცესში.