საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლომდებარე სოფლების პედაგოგებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გამართულ ტრენინგს დაესწრო.
4-5 დეკემბერს ტრენინგები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ანაკლიის, განმუხურის, შამგონის, რიყის, ნაჭარმაგევის, რუხის, მეღვრეკისის, კარალეთის, ტყვიავის, ნიქოზის, ტირძნისის, ორსანტიის, კოკის და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სხვა სოფლების სკოლების პედაგოგებისთვის გაიმართება.
ტრენინგის თემებია: ისტ-ის როლი და შესაძლებლობები სასწავლო პროცესში; ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტის მომზადება და განხორციელება. მასწავლებლები გაეცნობიან ელექტრონულ რესურსებს, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ; მათთვის წარმოდგენილი იქნება სასწავლო ფილმები და ვიდეოგაკვეთილები.
პედაგოგთა გადამზადება გასული თვიდან დაიწყო. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერებმა ტრენინგები ჩაატარეს ნიქოზში, ტყვიავსა და ტირძნისში. მიმდინარე ტრენინგი ისტ-ში მასწავლებელთა გადამზადების დასკვნითი ეტაპია. გადამზადების შემდეგ, პედაგოგები თავის სკოლებში ჩაატარებენ სემინარებს კოლეგებისთვის და დაეხმარებიან მათ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებაში.