ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რონალდ აქვასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი კონსორციუმში გაერთიანებულ 32 უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების საკითხი.
ტეხასის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმი 1985 წელს დაარსდა. ამჟამად, კონსორციუმში 32 უნივერსიტეტია გაერთიანებული.
კონსორციუმი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს ისეთი მოთხოვნადი სფეროების განვითარებაში, როგორიცაა განათლება, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ჯანდაცვა და გარემოს დაცვა. თანამშრომლობის პერიოდში, აქცენტი კეთდება სტუდენტთა მობილობაზე, უნარების ჩამოყალიბებასა და გლობალურ პოზიციაზე.
უნივერსიტეტების გაერთიანება ახორციელებს არა მხოლოდ მსოფლიოში ცნობილ პროგრამებს, არამედ ხელმძღვანელობს კვლევით ცენტრსა და ინსტიტუტს, გადამზადების პროგრამებს და საჯარო პოლიტიკას. ტეხასის უნივერსიტეტების კონსორციუმში ფუნქციონირებს შემდეგი პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი, საჯარო ადმინისტრაცია, ინჟინერია და ენერგეტიკა, გარემო და ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა და მდგრადი განვითარება, მედიცინა, ინგლისური, როგორც მეორე ენა. კონსორციუმი ხელს უწყობს ინსტიტუციური პარტნიორობის ჩამოყალიბებას, აკადემიური გამოცდილებისა და კვლევითი რესურსების გაზიარებას, მის წევრ უნივერსიტეტებს ეხმარება ისეთი პროგრამების შექმნაში, რომელიც გააძლიერებს პარტნიორობას მსოფლიოს მასშტაბით და იქნება კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ასპარეზზე.
რონალდ აქვამ, რომელიც კონსორციუმამდე ხელმძღვანელობდა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრს მისისიპის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეიმუშავა საერთაშორისო პოლიტიკის სწავლების, საჯარო სამსახურის აქტივობისა და საზოგადოების ჩართულობის პროგრამა. მინისტრთან შეხვედრის დროს, დოქტორმა აქვამ საქართველოს დახმარება აღუთქვა ეფექტური პროგრამების შემუშავებაში.