საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განათლების სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ 2010 წელს განხორციელებული რეფორმის ანგარიში წარუდგინა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ მეცნიერები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, პედაგოგები, მოსწავლეები, სტუდენტები, მოხალისე უცხოელი მასწავლებლები. მინისტრმა შეხვედრაზე იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისტემაში განხორციელდა და რაც მომავალი წლიდანაა დაგეგმილი.
მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა იმაზე, თუ რა შეიცვალა სასწავლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით. მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ მოსწავლე სკოლას დაუბრუნდა, თითქმის აღმოიფხვრა დაგვიანებისა და უმიზეზოდ სკოლის გაცდენის ფაქტები, სკოლებში აღარ ხდება დანაშაული. სამინისტრო მიზანმიმართულად ახორციელებს პროგრამებს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას და სწავლის ხარისხის ამაღლებას, იგულისხმება როგორც სასწავლო პროგრამები, ასევე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობა, მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და სასწავლო ლაბორატორიებით აღჭურვა. სისტემატიურად მიმდინარეობს სხვადასხვა საგნის პედაგოგთა გადამზადება. 2014 წლამდე ყველა მასწავლებელი იქნება სერთიფიცირებული.
საინტერესო პროგრამები ხორციელდება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, ხდება სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, ფინანსდება მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტები და კვლევები, ფუძნდება ტექნოპარკები.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, სისტემის წინაშე ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელსაც სამინისტრო ეტაპობრივად განახორციელებს.