საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე სპეციალური მასწავლებლის სტანდარტის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაცია სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა წარმოადგინეს და მას საჯარო სკოლების დირექტორები, სპეციალიზირებული პროფილის სკოლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სწავლისას ბევრი ბავშვი განიცდის სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მოსწავლის ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური თუ სხვა მდგომარეობით, სწავლის პროცესში სირთულეები შეიძლება ექმნებოდეთ ნიჭიერ ბავშვებსაც და სხვ. ინკლუზიური განათლების ფარგლებში, სწორედ ამ კატეგორიის ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვას ემსახურება სპეციალური მასწავლებელი.
ინკლუზიური განათლების ეფექტურად დანერგვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მაღალკვალიფიციური სპეციალური მასწავლებელია. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სტანდარტზე დაყრდნობით, მუშაობს სატრენინგო მოდულებზე, რომლის მიხედვითაც მომზადდებიან სპეციალური მასწავლებლები. სტანდარტი იქნება საფუძველი უნივერსიტეტებისთვისაც, შეიმუშაონ სპეციალური მასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა.
სტანდარტში განმარტებულია თუ რა კომპეტენციები, პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები მოეთხოვება სპეციალურ მასწავლებელს. სპეციალური მასწავლებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიური უნარების განვითარების ხელშეწყობაში, ასევე მისი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში. სპეციალური მასწავლებელი ახდენს მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული სპეციალური საჭიროებების შეფასებას, კონსულტაციას უწევს მოსწავლეს, მის მშობელს, მასწავლებელსა და სხვა სპეციალისტებს.