17 დეკემბერს თბილისის 24-ე საჯარო სკოლას დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს მოსწავლეები ეწვივნენ. ღონისძიება განხორციელდა პროექტის -”განსხვავებული დღე”- ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთიანი რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეების დამეგობრებას და ინტეგრირებას თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ინიციატივით და საქართველოს ტრენერ-პედაგოგთა კავშირის ”ლამპარი” ფინანსური მხარდაჭერით.
დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლა ერთადერთია, რომელიც თეთრი არაგვის, ე.წ. ბუდე-ფშავის მაღალმთიანი ხეობის სოფლებს ემსახურება. ამ მცირეკონტინგენტიან სკოლაში სულ 17 მოსწავლე სწავლობს და პედაგოგებს კლასკომპლექტებში უწევთ მუშაობა. აღნიშნული სკოლა ერთ-ერთია იმ სამი სკოლიდან, რომლებზეც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა კურატორობა აიღო.
ღონისძიებაზე თბილისის 24-ე და შუაფხოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ინტელექტუალური, ფიზიკური და სახალისო თამაშები გამართეს, სადაც ორივე სკოლამ წარმატებით წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები. ამავდროულად, ღონისძიებას წინასაახალწლო დატვირთვა მოსწავლეთა ერთობლივმა კონცერტმა შესძინა. კონცერტის ბოლოს კი სტუმრებს გადაეცათ საჩუქრები და სპეციალური სერტიფიკატები.