საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალური სამუშაო ვიზიტით კანადაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კანადურ მასწავლებელთა დასაქმების ორგანიზაცია Footprints Recruting Incorporations-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
Footprints Recruting Incorporations 2010 წლის მარტიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ინგლისურენოვანი პედაგოგების საქართველოში ჩამოყვანას ისახავს მიზნად.
მემორანდუმის თანახმად, 2011 წელს საქართველოში ჩამოსული მოხალისე ინგლისურენოვანი პედაგოგების რაოდენობა 1500-მდე გაიზრდება, რაც მოსწავლეებს ინგლისური ენის უკეთ შესწავლაში, ხოლო ინგლისური ენის ადგილობრივ პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება.
ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლის ივლისიდან ახორციელებს პროექტს „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, რომელიც განათლების სისტემაში ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლება. პროექტი წლის ბოლომდე საქართველოში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს. 2011 წელს მოხალისე მასწავლებლების რაოდენობა 1500-მდე გაიზრდება.
ინგლისურენოვანი მასწავლებლები ამ ეტაპზე აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, რუსთავისა და თბილისის საჯარო სკოლებში ასწავლიან.
მათ უკვე შეძლეს საზოგადოებაში ინტეგრირება, ისინი ადგილობრივ მოხალისე ოჯახებში უფასოდ ცხოვრობენ. პროექტის დასრულების შემდეგ ინგლისურენოვანი მასწავლებლები მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს კეთილი ნების ელჩები გახდებიან.