პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, კომპანია ”გოგლი-მოგლის” წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში მორიგი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასადილო გახსნა.
სასკოლო სასადილოების კეთილმოწყობა, რომელიც უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება, გასულ სასწავლო წელს რამდენიმე საპილოტე სკოლაში დაიწყო და ახალი სასწავლო წლიდანაც წარმატებით მიმდინარეობს. სასადილოების გარემონტება და თანამედროვე აპარატურით აღჭურვა კომპანიებმა ”მეგა-ფუდმა” და ”გოგლი-მოგლმა” განახორციელეს, ეს კომპანიები ზრუნავენ სასადილოების ახალი და ჯანსაღი პროდუქტებით მომარაგებაზეც.
თანამედროვე სასკოლო კვების ობიექტებში, პირველად საქართველოში, ანგარიშსწორება ელექტრონული ბარათებით მიმდინარეობს. ბარათები მოსწავლეებს ,,ტაოპრივატბანკმა’’ უსასყიდლოდ დაუმზადა. მშობელი მისთვის მისაღებ გარკვეულ თანხას ბავშვს ბარათზე ურიცხავს, რომელსაც იგი მხოლოდ სასკოლო სასადილოში იყენებს. ასეთი შესაძლებლობა ხელს უწყობს მოსწავლეებს შორის ფულთან დაკავშირებული უსიამოვნებების შემცირებას. სკოლებში ნაღდი ფულის ბრუნვის აკრძალვა და ბარათების შემოღება უსაფრთხო სკოლის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მიზნად ისახავს უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის დანერგვასა და განვითარებას.