საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს შეხვდნენ.
ახალგაზრდა ქართველი მეცნიერები საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ს, ესპანეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრებში 3 თვის მანძილზე მუშაობდნენ. შეხვედრაზე მათ მიღებულ გამოცდილებაზე, უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობაზე ისაუბრეს და თავიანთი საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
რუსთაველის ფონდის მიზანია უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსით ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, დაეხმაროს მათ გამოცდილების შეძენასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. კონკურსი მეორე წელია ტარდება, ფონდი გეგმავს, რომ მას მომავალში უფრო მასშტაბური სახე მისცეს.
შეხვედრაზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა სტაჟირების კონკურსის შედეგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამა წარმატებულია. მისი თქმით, მიმდინარე წელს დაფინანსებული რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა მეცნიერი ჯერ კიდევ იმ საერთაშორისო კვლევით დაწესებულებებში იმყოფება, სადაც სტაჟირებით იყვნენ მივლინებული, რადგან მათი მაღალი კვალიფიკაციის გამო უცხოელმა კოლეგებმა ხელშეკრულება კიდევ რამდენიმე თვით გაუგრძელეს.
ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების გასავლელად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 000 ლარამდე დაიხარჯა.