გრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პროცესი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სკოლის შენობაში განაახლებს სწავლას ახალქალაქის მესამე საჯარო სკოლის 130-მდე მოსწავლე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ახალქალაქს თავად ეწვია და ადგილობრივი თვითმართველობისა და სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ახალი სკოლის პროექტის პრეზენტაციასა და განხილვაში.
№3 საჯარო სკოლა ქართულენოვანია. შენობა, რომელშიც სკოლა იყო განთავსებული, 1988 წელს სპიტაკში მიწისძვრის შედეგად დაზიანდა. მას შემდეგ მოსწავლეები სკოლა-ინტერნატის შენობაში, არაკომფორტულ და არაშესაფერის გარემოში სწავლობენ.
ბოლო წლებში, ადგილობრივ, არაქართულენოვან მოსახლეობაში საგრძნობლად გაიზარდა ქართულ სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობა. 2007 წელს №3 საჯარო სკოლაში 87 მოსწავლე ირიცხებოდა, დღეს კი, აქ 130 ბავშვი სწავლობს. სკოლის ხელმძღვანელობა ახალი სკოლის მშენებლობის დასრულებისთვის კონტიგენტის მნიშვნელოვან ზრდას ვარაუდობს. ახალი შენობა 250 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.
ახალქალაქში 5 საჯარო სკოლაა, აქედან 3 სომხურენოვანია, ერთი რუსულენოვანი, ერთი ქართულენოვანი.