სკოლის მანდატურებმა სამტრედიის №15 სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სკოლა-პანსიონი მოინახულეს და მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს ძველით ახალი წელი მიულოცეს. მანდატურებმა მოსწავლეებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა და სტუმრებმა ერთმანეთს საკუთარი შესაძლებლობები სიმღერაში და ლექსებში გაუზიარეს. სკოლის მანდატურის სამსახური მოზარდებს მომავალშიც არაერთ სიურპრიზს ჰპირდება.
მანდატურების განცხადებით, მათი მიზანია იზრუნონ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და იქ დასაქმებულ სხვა პირთა უსაფრთხობაზე.
სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონში 11-დან 16 წლამდე ასაკის 20 ვაჟი ცხოვრობს. სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი განაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის. პანსიონში ფუნქციონირებს სკოლა მე-4-დან მე-9 კლასის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში იხსნება დაწყებითი 1-3 კლასები.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთი, გორისა და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.