საჯარო სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით შეცვლასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით ნამგალაურმა და სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციების ხელმძღვანელებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მონაწილეებმა იმ დეტალებზე იმსჯელეს თუ რა ფორმით უნდა მოხდეს სკოლებში სპორტის გაკვეთილების დანერგვა ისე, რომ გათვალისწინებული იყოს როგორც სკოლის, ასევე თითოეული მოსწავლის სურვილი და შესაძლებლობები.
”ამ რეფორმით ჩვენ მივაღწევთ ძირითად მიზანს, რომ ბავშვმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრებით. ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით შეცვლასთან დაკავშირებული ახალი სასწავლო გეგმა მზად აპრილში იქნება. პირველ ეტაპზე შერჩეული იქნება 50 სკოლა, ხოლო სექტემბრიდან ანუ ახალი სასწავლო წლიდან სპორტის გაკვეთილები ყველა სკოლაში დაინერგება” - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა, მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. საქართველოში, სადაც 2179 საჯარო სკოლიდან სპორტული დარბაზი 1569, ხოლო სპორტული მოედანი 2015 სკოლას აქვს, ფიზკულტურის გაკვეთილები მაინც არაპოპულარულია. აქედან გამომდინარე, საჯარო სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილებს სპორტის გაკვეთილები ჩაანაცვლებს.