საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაიამ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.
სასწავლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობით შეიქმნა. პროგრამის მომზადებაში მონაწილეობას იღებდნენ სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტები.
საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის მომზადებული ერთიანი სასწავლო პროგრამა შესაბამისობაშია საქართველოს სასკოლო პროგრამებთან და დიასპორის წარმომადგენლის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში სრულყოფილ ინტეგრირებას გულისხმობს.
სასწავლო პროგრამა შემუშავებულია სამი საგნისთვის: ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია. მასში გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები და შესაძლებლობები, ის გარემო პირობები, რომელშიც სწავლობენ და ცხოვრობენ.
ერთიანი სასწავლო პროგრამის მიხედვით მომზადდა ვიდეოგაკვეთილები ცალკეულ საგნებში, რომლებიც მოიცავენ სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას, სამოდელო გაკვეთილსა და სარეკომენდაციო ლიტერატურას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უახლოეს მომავალში საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდებისთვის სახელმძღვანელოებსაც მოამზადებს. ასევე, იგეგმება მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოს გამოცემაც.