თსუ-ს პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა ლექცია წაიკითხა თემაზე „ქართველები და მათი ძველი კულტურა“, ხოლო პროფესორმა რევაზ ლომსაძემ ლექცია - „ჩვენს გარშემო ფიზიკური პროცესები – ელექტრომაგნიტური ტალღები და ბგერები“.
პროფესორების გასვლითი ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორეტაპიანი პროექტია, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
პირველ ეტაპზე თსუ–ს პროფესორ–მასწავლებლები იძულებით გადაადგილებულ პირთა 8 კომპაქტურ დასახლებას ეწვევიან და სკოლის ასაკის მოზარდებს სხვადასხვა თემებზე ლექციებს ჩაუტარებენ, ხოლო პროექტის მეორე ეტაპი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ექსკურიას, მისი ისტორიისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების გაცნობას გულისხმობს.
პროექტი „საბავშვო უნივერსიტეტი“ თსუ–ს ბაზაზე უკვე მეორე წელია ხორციელდება. პროექტის მიზანია სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის, სასწავლო და კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, მომავალი სტუდენტებისათვის საუნივერსიტეტო პოტენციალის გაცნობა, მოსწავლეების დაინტერესება ფუნდამენტური მეცნიერებებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, ასევე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია.
პროექტის „საბავშვო უნივერსიტეტი“ ფარგლებში მოსწავლეები მოისმენენ თსუ პროფესორ-მასწავლებელთა პოპულარულ ლექციებს ისტორიის, გეოგრაფიის, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ეკონომიკის, მედიცინის, ჰუმანიტარულ და სხვა მეცნიერებებში.