საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში მშენებარე ახალი სკოლა მოინახულეს.
სოფელ ფუთის სკოლის ძველი შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, მცოცავი ნიადაგის გამო სკოლა დღეს ამორტიზირებულია, მიწისძვრის შემდეგ კედლები დაიბზარა და შენობა ავარიული გახდა. ორი წელია სოფელ ფუთის საჯარო სკოლა ადგილობრივი თვითმართველობის შენობაშია განთავსებული და 150 მოსწავლეს არასტანდარტულ, არაკომფორტულ გარემოში უწევთ სწავლა.
სამინისტრომ ახალი სკოლის ასაშენებლად რაიონს 500 000 ლარი გამოუყო, 150 000 ლარი ადგილობრივმა თვითმართველობამ გამოყო და ახალი შენობის მშენებლობა 2010 წლის სექტემბერში დაიწყო. სკოლა ექსპლუატაციაში 2011-2012 სასწავლო წლიდან შევა და სოფელ ფუთის მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილ სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.