ახალი წლიდან საქართველოში უცხოელ მოხალისე პედაგოგთა მეორე ჯგუფი ჩამოვიდა. საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული კვალიფიციური პედაგოგები ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ირლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ფინეთიდან, ფილიპინებიდან და ლიტვადან არიან.
ინგლისურენოვან მასწავლებლებთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში იტალიური ენის პედაგოგებიც ჩამოვიდნენ. ახლადჩამოსული პედაგოგები ტრადიციულად ტრენინგს გაივლიან, თბილისისა და კახეთის რეგიონის სკოლებში გადანაწილდებიან და ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად, სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის კოკა სეფერთელაძის განცხადებით, ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროექტის ფარგლებში, ინგლისურენოვან პედაგოგთა ჩამოსვლა მიმდინარე წლის განმავლობაშიც გაგრძელდება და დასრულდება აღმოსავლეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოხალისე მასწავლებლებით შევსების პროცესი.
უკვე საქართველოში 1000 უცხოელი მასწავლებელი მოღვაწეობს, მომავალი წლიდან მათი რაოდენობა 1500 იქნება.