საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №198 საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ყველა მეორეკლასელ მოსწავლეს საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადასცა. მინისტრმა ეს გადაწყვეტილება 3 თებერვალს, ამ სკოლის ახალი შენობის გახსნის შემდეგ მიიღო.
თბილისის №198 საჯარო სკოლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს ემსახურება. ამ დაწესებულებაში სწავლობენ ბავშვები სხვადასხვა დიაგნოზებით: ცერებრალური დამბლა, აუტიზმი, დაუნის სინდრომი და სხვ. ამ სპექტრის პრობლემებისათვის დამახასიათებელია ხელის მოტორიკის დარღვევა, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია წერასთან, მეტყველებასთან. თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკა წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ საშუალებას აღნიშნული პრობლემის დაძლევაში.
მიუხედავად იმისა, რომ ახალ სკოლაში ხელის მოტორიკის განვითარებისათვის მოსწავლეებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი და ადაპტირებულ ისტ კაბინეტში უტარდებათ ინფორმატიკის გაკვეთილები, პრობლემა მაინც არსებობს: მოსწავლეთა ნაწილი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა და სკოლაში კომპიუტერზე მიღებულ უნარებს ოჯახში ვერ ამყარებს. სწორედ ამ ნაწილს განეკუთვნებიან ის მოსწავლეებიც, რომელთაც მინისტრმა პერსონალური კომპიუტერები გადასცა.