საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილეს ფარგლებში გამართულ ფოტოგამოფენას გაეცნო.
ფოტოგამოფენა “უნივერსიტეტი და წითელი ისტორია” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა. ერთი კვირის განმავლობაში ყველა მსურველს საშუალება ექნება პირველად იხილოს გასული საუკუნის უნიკალური და უცნობი ფოტო და დოკუმენტური მასალები, გაეცნოს თუ რა მძიმე პერიოდი გამოიარა უნივერსიტეტმა და პროფესორ-მასწავლებლებმა საბჭოთა რეპრესიების პერიოდში.
გამოფენაზე წარმოდგენილია 30-იან წლებში რეპრესირებულ და გადასახლებულ სტუდენტთა წერილები ივანე ჯავახიშვილისადმი, რეპრესირებული პროფესორების შალვა ნუცუბიძის, სიმონ ყაუხჩიშვილის, გრიგოლ წერეთლის, ვუკოლ ბერიძის, გიორგი გეხტმანისა და ვახტანგ კოტეტიშვილის წიგნები.
უნივერსიტეტის იუბილეს ეძღვნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ჟურნალ “საარქივო მოამბის” ახალი ნომერიც. მკითხველი პირველად გაეცნობა თუ როგორ და რატომ ათარგმნინა სტალინმა რუსულად “ვეფხისტყაოსანი” 1939-40 წლებში, რატომ დაიწყო რეპრესიები ლავრენტი ბერიას საანგარიშო სიტყვის შემდეგ ქართულ ინტელიგენციაში, რა მექანიზმებით ხდებოდა ადამიანების ფიზიკური და მორალური განადგურება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს
არქივში დაცული
საქმეების საფუძველზე
შექმნილი დოკუმენტური
ფილმის “დატყვევებული გონი(ერი)” პრეზენტაცია.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მეცნიერები და ექსპერტები.