10.02.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ ”ქართული კალიგრაფიის კონკურსთან” დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
კონკურსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ატარებენ და მისი მიზანია ახალგაზრდებში ხელით წერით კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
კალიგრაფიის კონკურსი მეორე წელია ტარდება. გასულ წელს კონკურსში მხოლოდ სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, წელს მათ სტუდენტები და სხვა ზრდასრული დაინტერესებული პირები დაემატათ, მათ შორის ემიგრანტი ქართველები. კალიგრაფიის კონკურსი უწმინდესის ლოცვა–კურთხევით ტარდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ 6 000 ლარი პროექტის საპრიზო ფონდისთვის გამოყო. რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კონკურსანტები სერთიფიკატებთან ერთად, სერიოზულ ფულად ჯილდოებსა და ფასიან საჩუქრებს მიიღებენ.
გამარჯვებულების გამოვლენა 14 აპრილს, დედა ენის დღეს მოხდება, მანამდე კონკურსანტებს 3 ეტაპის გავლა მოუწევთ. პირველ რიგში, თითოეულმა მათგანმა 2011 წლის 18 თებერვლის ჩათვლით, საკონკურსო ნიმუში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს.
დასკვნითი ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.