2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტები რეგისტრაციას ინტერნეტით გაივლიან. Online რეგისტრაციის სისტემის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში გამართეს.
ინტერნეტით რეგისტრაციის უპირატესობებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საკუთარი არჩევანი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. გარდა ამისა, ინტერნეტით რეგისტრაციისას აბიტურიენტი მაქსიმალურად დაცულია მექანიკური შეცდომებისგან.
აბიტურიენტებს ასევე შეუძლიათ საკუთარ სკოლებში (სკოლადამთავრებულებმა რესურსცენტრებში) შეავსონ სარეგისტრაციო ანკეტა. Online რეგისტრაციისათვის აბიტურიენტი 14 თებერვლიდან უნდა ეწვიოს სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge ან online.naec.ge. რეგისტრაციის პროცესი 14 თებერვალიდან დაიწყება.
საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტების საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციაც 14 თებერვალს დაიწყება. მსურველები ინტერნეტით (www.naec.ge ან online.naec.ge) უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაციის პროცესი 25 მარტს შეწყდება.